რეცენზია დოქტორი ჯო დისპენზას წიგნზე, „შეცვალე ქვეცნობიერი“

„ჩვენ გაგვაჩნია საკმარისი რესურსი და უნარი ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების დასანერგად. ეს ის ეპოქაა, როდესაც არა მხოლოდ გვსურს „ვიცოდეთ“, არამედ გვწადია „ვიცოდეთ“, თუ როგორ“. როგორ შეგვიძლია გავაერთიანოთ ძველი სიბრძნე ახალგამოჩენილ მეცნიერებასთან ერთად იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო სრულფასოვნად ცხოვრება? „

ყველას ერთხელ მაინც გვსმენია, რომ ჩვენი ფიქრები გავლენას ახდენენ ჩვენსავე რეალობაზე. თუმცა, ზუსტად როგორ ხდება ეს? ან, კონკრეტულად რა სახის კავშირი გააჩნიათ ფიქრებს იმ რეალობაზე, რომელშიც ჩვენ, როგორც ინდივიდი, ყოველდღიურად ვარსებობთ?

დოქტორი ჯო დისპენზას ბესტსელერი წიგნი, „შეცვალე ქვეცნობიერი“ სწორედ ამ საკითხის გარშემო აგებული სახელმძღვანელოა, რომელიც გასაგებად გვიხატავს, თუ როგორ ჯაჭვს ქმნის ნებისმიერი პიროვნების ფიქრი, ემოცია და შესაბამისად, ერთიანი მდგომარეობა.

ამ ჯაჭვის გაწყვეტა ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენს, თუ გვსურს რომ სხეულის, დროსა და გარემოს მიღმა გავიდეთ, აღმოვაჩინოთ მცდარი შეხედულებები, რომლებიც აქამდე გვაბრკოლებდნენ და გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები ცვლილებისთვის, რომ სამყარომ ჩვენ შინაგან მდგომარეობას „უპასუხოს“.

ადამიანებს შეუძლიათ ტვინში ცვლილებების გამოწვევა ჯანსაღი ჩვევების გამომუშავებითა და რეგულარული დანერგვით. ასეთი ჩვევა იქნებოდა ნეგატიური შეხედულებების აღმოჩენა და გამოსწორება, როგორც ეს დოქტორ ჯოს წინამდებარე წიგნშია აღწერილი. ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო ხდება, ჩვენი შინაგანი მდგომარეობის ანარეკლია, ამიტომ საკუთარი თავის ცვლილებით, ვცვლით იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ.

თუ ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვებით ამ წიგნში მოცემულ დებულებებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ძალიან ბუნებრივია ის, რომ სულ მალე ბევრად უკეთეს რეალობაში აღმოვაჩენთ თავს, რომლის მთავარი წყარო სწორედ ჩვენი თავის ახლებური ვერსია იქნება.