რეცენზია ჯიმ კვიკის წიგნზე, „უსაზღვროება“

„თუ მე არ ვარ ჩემი თავისთვის, მაშ ვინ იქნება ჩემთვის?

თუ მე მხოლოდ ჩემთვის ვარ, ვინ ვარ მე?

თუ არა ახლა, მაშ როდის? „

გამოთქმა თალმუდიდან

ადამიანის შესასძლებლობათა უსაზღვროება მისი აზროვნების უნარსა და პასუხისმგებლობაზე გადის. თვითცნობისა და თვითგამოხატვის ყველა პირობა, რომ ჩვენშივეა, სწორედ ამას ეძღვნება წიგნი „უსაზღვროება“.

ჯიმ კვიკის მიერ შექმნილი წიგნი მეცნიერული ცოდნისა და საკუთარი გამოცდილებით მიღებული განცდის საფუძველზეა აგებული. ნაშრომს მრავალ ღირსებას შორის ისიც ემატება, რომ ავტორის უშუალობა, კონკრეტული მაგალითების, გამოჩენილი ადამიანების შემთხვევები, აადვილებს მასში გადმოცემული აზრების წვდომასა და, შესაბამისად, გათავისებას.

ციფრული ტექნოლოგიის სიკეთემ, თუ, ერთი მხრივ, ადამიანის ყოველდღიურობა გაამარტივა და შინაარსობრივადაც გაამრავალფეროვნა, სირთულეებიც მრავლად წარმოქმნა. ინფორმაციათა სიჭარბემ, მისმა უწყვეტმა ნაკადმა ინტელექტუალური გადაღლა გამოიწვია და ინფორმაციის გადამუშავება, მისი ცნობიერად მიღებაც გაართულა.

თუმცა ბუნება ბრძენია, სადაც სირთულეს ქმნის, გამოსავალსაც იქვე გვიტოვებს. მთავარია ჩვენ ის დავინახოთ.

ადამიანს, როგორც ბიოლოგიურ, ასევე ფსიქოლოგიურ და სოციალურ არსებას, ორი რამ განაპირობებს- შრომა და სიყვარული.

ჯანსაღი ფსიქიკური და ფიზიკური ცხოვრების წესი საკუთარ თავთან დამოკიდებულებით იწყება.

„ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ“ - სენტ ეგზიუპერი.

ადრეულ ბავშვობაში მიღებული ნებისმიერი დამაკნინებელი შეფასება შეიძლება იმდენად მატრამვირებელ განცდად აისახოს ადამიანის ფსიქიკაზე, რომ მთლიანად შეცვალოს მისი ცხოვრების გეზი. ჯიმ კვიკი მოგვითხრობს იმ საბედსიწერო ეპიზოდის შესახებ, როცა მისი გონებრივი შესაძლებლობა ნეგატიურად იქნა შეფასებული. „ეს ბიჭი გონებრივად ჩამორჩენილია“, თანატოლების წინაშე ხმამაღლა წარმოთქვა მასწავლებელმა და .....

ავტორი აგრძელებს: „როდესაც ვინმეს აწერთ იარლიყს, თქვენ ქმნით საზღვარს, იარლიყი ხდება ბარიერი. უფროსები ძალიან ფრთხილნი უნდა იყვნენ თავიანთი სიტყვების მიმართ, რადგან ისინი სერიოზულად მოქმედებენ ბავშვის შინაგან სამყაროზე. ყოველთვის, როცა ტესტს ვერ ვაბარებდი, ან არ ვიყავი არჩეული სპორტულ გუნდში, ანდა ჩემს კლასელებს ჩამოვრჩებოდი სწავლაში, ამას ჩემს გონებრივ ჩამორჩენილობას მივაწერდი“.

განვითარების ფსიქოლოგია ცნებითი აზროვნების ფორმირებამდე არსებულ წინა პერიოდს (დაბადებიდან 6-7 წლამდე) განიხილავს, როგორც კლიშეს ეტაპს. ამ ასაკში ბავშვს არ შეუძლია კრიტიკულად შეაფასოს მისადმი დამოკიდებულება, ამიტომაც ის განსაკუთრებით მოწყვლადია ნებისმიერი შეფასებისადმი.

საკუთარი თავის მნიშვნელობის განცდა, სამყაროს კეთილგანწყობით მიღება და პერსპექტივის ხედვა ყოველთვის აზროვნების შესაძლებლობის გაფართოების, სიცოცხლის ხალისის, კრეატიულობის, მაკონსტრუირებელ ენერგიის წყაროდ გადაიქცევა ხოლმე. ასეთია აღზრდის ფსიქოლოგიის და კაცობრიული გამოცდილებაც ამასვე გვასწავლის. მაშინ, როცა საპირისპირო პოზიცია ანუ დამაკნინებელი გარემო ციხურ მდგომარეობაში აყენებს ადამიანს: „მე არ შემიძლია, მე ცუდი ვარ, მე არავის ვჭირდები“და ასე შემდეგ. ან პირიქით მოხდება, აფეთქების ეტაპზე ნახტომისებური გადასვლა, სადაც ადამიანი თავისი დაფარული  შესაძლებლობების წვდომისა და რეალიზაციის პროცესში, როგორც თვითმზარდი, როგორც თვითშემოქმედი ისე აღმოჩნდება.

კეთილი შემთხვევის იმედად, რომ არ დავრჩეთ, როგორ და რა გზით შევაღოთ ჩვენი გონების ანუ ჩვენი ტვინის შესაძლებლობების იდუმალი საცავის კარი, როგორ ავამოქმედოთ ჩვენი პოტენციალი, როგორ ამოვკრიფოთ ინფორმაციული ნაკადის მღვრიე მორევიდან ჭეშმარიტი, როგორ გავხდეთ ის, რაც შეგვიძლია, და ის რაც საჭიროა, გავყვეთ წინამდებარე წიგნის ყოველ აბზაცს და მოტივაციის, აზროვნებისა და მეთოდის ტრიადით მივიღებთ ამ მიმართულებით დასმული ყველა კითხვის პასუხს.