პოლ ეკმანი - როგორ მოვექცეთ ბავშვს, რომელიც იტყუება
რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც ჩვენი შვილი იტყუება
რა ვქნათ, როცა გვეეჭვება, რომ ჩვენი შვილები იტყუებიან? აქ მთავარია რეაგირება მოვახდინოთ მრისხანების გარეშე, არ ვაგრძნობინოთ მათ, რომ იმედები გაგვიცრუეს და გაგვაწბილეს. შევეცადოთ გავიგოთ, რატომ მოიტყუა ბავშვმა ან რა არის ტყუილის თქმის მოტივი. ამის გაგება საშუალებას მოგვცემს, ვესაუბროთ შვილს ისე, რომ მან შეძლოს იყოს გულწრფელი, თქვას სიმართლე, რაც აღმოფხვრის მასში მოტყუების მოტივს. შესაძლოა, ამისთვის დაგვჭირდეს ჩვენი შვილის მიერ ჩადენილი ზოგიერთი დანაშაულის აღიარება. აქ მოცემულია რამდენიმე დამატებითი რჩევა, თუ როგორ უნდა მოვექცეთ ბავშვს, რომელიც იტყუება.
- შეეცადეთ, რაც უნდა ძნელად მოგეჩვენოთ, დაინახოთ სამყარო თქვენი შვილის თვალით. იყავით თქვენი შვილის მხარეს.
- აჩვენეთ, რომ პატიობთ. გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა. ეს თქვენი წესებისა ან სტანდარტების დათმობას კი არ ნიშნავს, არამედ - ბავშვის გაგებას, და არა - მუდმივ დასჯას ნებისმიერი გადაცდენისთვის. და როდესაც თქვენი შვილი წამოიზრდება, მზად იქნებით განიხილოთ ან დაეთანხმოთ იმ წესებს, რომლითაც ცხოვრობთ მთელი ოჯახი.
- როდესაც მშობლები ისეთი სიტუაციების წინაშე აღმოჩნდებიან, როდესაც არ არსებობს სიმართლის დადგენის საშუალება, მათ შეიძლება შეცდომა დაუშვან. თუ მიენდობიან შვილს, რისკავენ, გახდნენ მოტყუებულნი და გამოყენებულნი. თუ ეჭვის თვალით შეხედავენ ბავშვს, რისკავენ, არ დაუჯერონ ბავშვს სიმართლის თქმის შემთხვევაშიც (და ეს, პოლ ეკმანის აზრით, კიდევ უფრო საზიანოა). მაშინ შვილი ვეღარ მოგვენდობა და ეს დანაკარგი შეიძლება სერიოზული აღმოჩნდეს. გაბრაზებამ, რომელიც ბავშვში ჩნდება, შეიძლება გამოიწვიოს ტყუილი, რომლის თავიდან არიდებასაც დაეჭვებული მშობელი იმედოვნებდა.
თანაგრძნობა, გაგება არ ნიშნავს იმას, რომ ზოგჯერ არ გავბრაზდეთ იმის გამო, რაც ჩვენმა შვილმა ჩაიდინა. ბავშვები ხანდახან ისეთ რამეებს აკეთებენ, რაც იმედს გვიცრუებს ან გვაბრაზებს და მნიშვნელოვანია, რომ მათ ეს იცოდნენ. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც ბავშვმა რაიმე შეუსაბამო ჩაიდინა (მაგალითად, სხვა ბავშვი დააზარალა ან იქურდა), მშობლების უკმაყოფილება თანაგრძნობასც უნდა გამოხატავდეს. აუცილებელია, იყოს საკუთარი თავის პატივისცემის დაბრუნების და დამცირების თავიდან აცილების შესაძლებლობა. არაადეკვატური ქმედება უნდა დაიგმოს, მაგრამ ამასთანავე ბავშვს უნდა ეპატიოს დანაშაული.
ნდობა სხვადასხვაგვარად იხლართება ტყუილთან. მატყუარა ბავშვი კარგავს მშობლების ნდობას. მშობელი, რომელიც მოატყუეს, მაქსიმალურად უნდა ეცადოს, აპატიოს ბავშვს და ნდობა დაუბრუნდეს. უნდობლობით მშობელმა შეიძლება გაანადგუროს მართლისმთქმელი ბავშვის რწმენა მშობლისადმი (ერთგულების, სამართლიანობისა და ვალდებულების თვალსაზრისით). ხანდახან ბავშვები გვატყუებენ, რადგან არ გვენდობიან, არ არიან დარწმუნებულნი, რომ ჩვენ მიმართ მართალნი იქნებიან დასჯის გარეშე.
მშობლებმა არ უნდა დათმონ თავიანთი რწმენა იმის თაობაზე, თუ რა არის სწორი, მაგრამ ასევე უნდა მოექცნენ შვილებს ისე, რომ ბავშვებმა იცოდნენ - მათ ენდობიან. მშობლები იწყებენ ბავშვის ნდობით და როცა ბავშვი იზრდება, მათ უნდა გააგრძელონ მისი მოპოვება.
რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ბავშვები იტყუებიან.
რთულ გრძნობებთან გამკლავება
ძნელია, არ ვიგრძნოთ იმედგაცრუება, როდესაც აღმოვაჩენთ ან ვეჭვობთ, რომ შვილმა მოგვატყუა. ამ დროს გვეჩვენება, რომ შვილი აგვიმხედრდა, ეს კი უსამართლოდ გვეჩვენება. ჩვენი შვილის სიცრუე ხელს გვიშლის იმაში, რისი გაკეთებაც საჭიროდ მიგვაჩნია, როგორც მშობლებს; თუ არ ვიცით, სინამდვილეში რა ხდება, არ შეგვიძლია ჩავერიოთ, დავიცვათ, რჩევა მივცეთ ან დავსაჯოთ (თუ საჭიროა).
გაურკვევლობის მიღება
ჩვენი ბავშვის ტყუილი ამტკიცებს, რომ შეიცვალა აზრი იმის შესახებ, თუ ვინ არის მთავარი და პასუხისმგებელი - ჩვენ აღარ ვართ ან მთლად ასე არაა საქმე. ის დრო წავიდა, როდესაც ყველაფერი უნდა გვცოდნოდა . ახლა ჩვენ უნდა ვიცხოვროთ გაურკვევლობაში, ახლა უნდა მოვიპოვოთ შვილის ნდობა. როდესაც ჩვენი შვილი აღწევს იმ ასაკს, როდესაც შეუძლია მოიტყუოს ისე, რომ, ჩვეულებისამებრ, არ დაიჭირონ, ჩვენს შვილს პირველად აქვს არჩევანი, თუ რა გაგვიმხილოს და რა - არა.
მაგალითის მიცემა
მოგვატყუებენ თუ არა ჩვენი შვილები, აღარ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ეშინიათ მათ ტყუილში დაჭერისა. მათ ისწავლეს, რომ შეუძლიათ ადვილად თავის დაძვრენა. ახლა სიმართლე ნაწილობრივ მაინც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორები ვიყავით და ვართ ამჟამად, როგორც მშობლები; როგორ ვუგებდით მათ ან რამდენად მოუთმენლები ვიყავით; რამდენად სანდოები ან საეჭვოები, რამდენად სამართლიანები ან უხეშნი. ვიყავით თუ არა იმდენად დაკავებულნი ჩვენი საქმიანობით, რომ შვილს ყურადღება დავაკელით? იცის, რომ ჩვენ გვაღელვებს ის, თუ რას აკეთებს და როგორ იქცევა? რამდენად ხვდება ჩვენი შვილი იმას, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი სიმართლის თქმა? ჩვენ თვითონ თუ ვიყავით მართლები მათ მიმართ? რა ძალისხმევა მოვახმარეთ ჩვენი შვილებისათვის მორალური ღირებულებების სწავლებას?
იმის აღმოჩენა, რომ ჩვენმა შვილმა იცრუა და თავი დაიძვრინა, კუთხეში გვაყენებს და ძალას გვაკარგვინებს; აღარა ვართ დარწმუნებულნი, რომ გაგვაჩნია ყველა საჭირო ინფორმაცია. აუცილებელია გვქონდეს ეს ინფორმაცია. უნდა ვიცოდეთ, რას გრძნობენ ჩვენი შვილები, რა უნდათ, რა სჭირდებათ და რას გეგმავენ, როდესაც ისინი ძალიან პატარები არიან, რადგან მათი გადარჩენა მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული. მაგრამ, როდესაც ბავშვი იზრდება, ჩვენ აღარ ვართ მის ყურადღების ცენტრში, აღარ ვართ მისი ერთადერთი წყარო, მისი გადარჩენის ერთადერთი საშუალება.
ბავშვთა უფლებები
ტყუილი გვიმტკიცებს ბავშვის უფლებას, ჩვენი გამოწვევის უფლებას, კონფიდენციალურობის უფლებას; უფლებას, გადაწყვიტოს, რა იქნება გამჟღავნებული და რა - არა.
ეჭვგარეშეა, რომ მშობლებმა უნდა იცოდნენ ბევრი რამ იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ და გეგმავენ მათი შვილები. და ეს მოთხოვნილება არ ქრება, როდესაც ბავშვს ეძლევა ჩვენი მოტყუების შესაძლებლობა; ჩვენთვის მხოლოდ უფრო რთულდება იმაში ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ შეგვიძლია მისი დაკმაყოფილება.
პრობლემები ტყუილთან დაკავშირებით
ტყუილი ანგრევს ურთიერთობებს, შობს უნდობლობას, კლავს ნდობას. ტყუილი გულისხმობს მოტყუებული ადამიანის უგულებელყოფას. მოსალოდნელია, რომ თითქმის შეუძლებელი გახდეს ისეთ ადამიანთან ცხოვრება, რომელიც ხშირად იტყუება.
ტყუილი, ჩვეულებრივ, თან ახლავს სხვა გადაცდომებს, სხვა წესების დარღვევას. როდესაც ის ქრონიკულ სახეს იღებს, შეიძლება იგი სერიოზული უსიამოვნებისა და შფოთის მიზეზი გახდეს ოჯახში. თუ ტყუილი თავის დროზე უყურადღებოდ დარჩება, შესაძლებელია, მან სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს ზრდასრულ ასაკში.