რეცენზია ირვინ იალომის წიგნზე, „სიყვარული შიში და ბევრი სხვა რამ“
იმ ავტორთა შორის, რომელთა წიგნებიც, დიდ მეცნიერულ მიგნებებთან ერთად, პრაქტიკული დანიშნულებითაც გამოირჩევა, ერთ-ერთი უპირველესია ამერიკელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი ირვინ იალომი.
ირვინ იალომი დაიბადა 1931 წელს ვაშინგტონში, რუსეთიდან ახლად ემიგრირებულ ებრაულ ოჯახში.
ირვინ იალომის სამეცნიერო ნაშრომები, ლიტერატურული შემოქმედება, ლექციები თუ თერაპიული პრაქტიკა კაცობრიობის აზროვნების ისტორიისთვის ფასდაუდებელი სიმდიდრეა.
ადამიანის ბუნების წარმმართველი ფაქტორი თავისუფლებაა, თავისუფლება კი პირდაპირ კავშირშია პასუხისმგებლობასთან, როგორც საკუთარი თავის, ცხოვრების, ბედის, ასევე საზოგადოებისა და ბუნების მიმართ. ფსიქოთერაპიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას სწორედ პაციენტის მიერ პასუხისმგებლობის აღება წარმოადგენს. „ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებით“ წერდა ჟან პოლ სარტრი. „ადამიანი გაურბის თავისუფლებას“ განააცხადა ერიხ ფრომმა. მხოლოდ საკუთარ თავზე ძალისხმევას შეუძლია წარმოქმნას ამ ორი ამბივალენტური მოცემულობიდან ადამიანად ყოფნის ფაქტი.
ირვინ იალომის თერაპიული პრაქტიკა, წიგნით - „სიყვარულის ჯალათი და სხვა ფსიქოთერაპიული ნოველები“, ფსიქოთერაპიით დაინტერესებული ქართულენოვანი მკითხველისთვის უკვე ხელმისაწვდომია. ირვინ იალომის თერაპიული ძიებების, მიგნებების, თეორიული ცოდნის პრაქტიკული განხორციელების, იმპროვიზაციის, წარმატებების, ასევე წარუმატებელი მომენტების დაძლევის გამოცდილების გაცნობა პროფესიული ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
ცხოვრება არის ის რასაც შენ თვითონ შექმნი. ჭეშმარიტად, ეს ხომ ადამიანის სამოქმედო არეალის უზუსტესი ფორმულირებაა! გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი, მეორედ და ნამდვილად“ წერდა მერაბ მამარდაშვილი. „მეორედ დაბადების“ პროცესი, ანუ ცხოვრების სიმკაცრესთან შეჯახებით მიღწეული სიკვდილის შიშის ძლევა, პასუხისმგებლობა იმისა, რომ გავხადოთ ჩვენი ცხოვრება ისეთად, როგორც გვსურს, ჩვენი ეგზისტენციალური მარტოობა, მკვეთრად განსაზღვრული საზრისის ან მიზნის არსებობა, აი ის ჩამონათვალი, რომელსაც ფსიქოლოგიური კუთხით თერაპიული მუშაობის პროცესში გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს ირვინ იალომი.
გააზრება იმისა, რომ თავად ხარ საკუთარი ცხოვრების ავტორი და მმართველი, უსასრულოდ ძნელია, თუმცა ამის შესაძლებლობა ყოველ ადამიანშია. თერაპევტი ეძებს და პოულობს ყველა გზასა და მიდგომას, რათა აღმოაჩინოს, თუ როგორ და რანაირად იქმნის პაციენტი საკუთარ პრობლემებს. ის კი არაა მთავარი, რა „სიურპრიზსს“ გვთავაზობს ცხოვრება, არამედ ის თუ როგორია ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი პოზიცია, ჩვენი ქმედება იმ რეალობის მიმართ, რომელშიც აღმოვჩნდებით ხოლმე. ნებისმიერი პრობლემა მანამდეა პრობლემა, ვიდრე მას სახელს არ დავარქმევთ. საქმე კი უკვე ჩვენია, ჩვენი ქმედებების საგანია. სანამ ადამიანს მიაჩნია, რომ პრობლემა მხოლოდ გარეფაქტორებითაა გამოწვეული, ფსიქოთერაპია ვერაფერს გახდება. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებით იწყება და სიკვდილის შიშისაგან განთავისუფლებოთ მთავრდება ადამიანური სიცოცხლე.
თუ მიუღწეველმა ოცნებებმა თქვენი ცხოვრების მართვა დაიწყო, ან თუ გაურკვეველმა, უსაგნო ფიქრებმა თავის ქსელში გაგხვიათ, თუკი ემოციებმა წაგლეკათ და კიდევ ბევრი „თუ -თუ“ მაშინ წაიკითხეთ ირვინ იალომის წიგნები და ნებელობის გააქტიურებასთან ერთად, საკითხი არაეფექტური ინტელექტუალური მსჯელობებიდან ემოციური გაშინაგნებისკენ გადაინაცვლებს. ეს კი, როგორც წესი, იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ თერაპიის პროცესში პაციენტის სიღრმისეული განცდები ერთვება. მხოლოდ მაშინ იქცევა ინსაითი მძლავრ მამოძრავებელ ძალად.
„სიყვარულის ჯალათი და სხვა ფსიქოთერაპიული ნოველებიც“ სწორედ ასეთი წიგნი - თერაპიაა.